28 ივნისი, 2013
''რაც ტატოს დავშორდი, თვალით არ მინახავს''
მგონია, რომ პირიქით ხდება, მამაკაცები მკარგავენ მე. ორივე მხარე ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ ამაში დამნაშავე არავინაა. სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' გმირების პირადი ცხოვრება ბოლო დროს, ასე თუ ისე, დალაგდა. გამონაკლისი მხოლოდ თინაა, რომელსაც მამაკაცების ყურადღება არ აკლია, მაგრამ მაინც არაა ბედნიერი. თინას პირადი ცხოვრება ცოტათი ჰგავს მაკა ძაგანიას პირად ცხოვრებას. თინას მსგავსად, მაკამაც ვერ იპოვა ჯერ ის ადამიანი, ვისთანაც ძალიან ბედნიერი იქნება.
- მაკა, სერიალში შენს გმირზე ამბობენ, რომ მკაცრი იმიჯი აქვს და მამაკაცების მიმართაც მკაცრია, თუმცა,
საბოლოო ჯამში, თინას არცთუ ცოტა მამაკაცი უყვარდა. შენს გმირზე თავად რას იტყვი?
- მგონი, გავიწყდებათ, თინა რამდენი წლისაა. მეორე სეზონში 32 წლის გახდა. არ მგონია, 32 წლის ასაკში ორი მამაკაცი რომ ჰყავდეს ქალს, დამღუპველი იყოს. ჩემი აზრით, თინას არ ჰყავდა ბევრი მამაკაცი. არც მგონია, ეს საკითხი განხილვად ღირდეს.
- თინას მამაკაცებიდან, როგორც მაყურებელს, რომელი მოგეწონებოდა?
- ალბათ ყველას თავისი ხიბლი ჰქონდა. სავარაუდოდ, ამიტომაც მოეწონა ისინი თინას. ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ.
- რეალურ ცხოვრებაში რომელი მოგეწონებოდა?
- როგორც მაკას, არც ერთი.
- რატომ?
- ზუსტად ვერ გეტყვი. უბრალოდ, ჩემს გემოვნებაში არც ერთი არ ჯდება. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ რეალურ ცხოვრებაში ცოლად ვერც ერთს ვერ გავყვებოდი.
- გყავს მეოთხე თაყვანისმცემელი ვერსკი, რომელიც ჯერჯერობით უიმედოდ ''ეჩალიჩება'' შენს გმირს. ვერსკი ჯდება შენს გემოვნებაში თუ მასაც თინას თვალით უყურებ?
- რა თქმა უნდა, ვერსკის მეც თინას თვალით ვუყურებ. მაგრამ ვფიქრობ, რომ თინას და ვერსკის ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. ასევე საინტერესო იყო დემნას და თინას ურთიერთობა. მგონია, რომ თინას ვერსკი არასდროს მოეწონება. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ვფიქრობ. ვერსკის ტიპის ადამიანი არც მე მომეწონებოდა არასდროს.
- რეალურ ცხოვრებაშიც თინასავით მკაცრი ყოფილხარ მამაკაცებთან...
- (იცინის) არანაირად. უბრალოდ, ეს ოთხი ტიპი, ვისაც თინა მოსწონდა, ჩემს გემოვნებაში არ ჯდება.
- თინას გვერდით როგორი მამაკაცი წარმოგიდგენია?
- აუცილებლად ჭკვიანი და ძალიან განათლებული, შემდგარი ადამიანი უნდა იყოს. თინაზე ძლიერი უნდა იყოს კაცი, რომ თინამ გაუძლოს.
- როგორც მაყურებელს, თინას მამაკაცებთან დამოკიდებულება ხომ არ გაღიაზიანებს, ხომ არ გითქვამს, ჯობია ცოტა დამთმობი იყოსო...
- უფრო მეგობრების მიმართ მითქვამს მსგავსი რამ. კაცები ყველაფრის ღირსები არიან (იცინის). მეგობრებთან ურთიერთობაში თინა უნდა დათბეს. კატოს და ზოგჯერ ნინას გულს სტკენს. ნელიკოსაც სტკენს გულს. მგონია, რომ ამ შემთხვევაში ცოტა უნდა დაუკლოს თავის სიხისტეს. მამაკაცებს კი ისე უნდა მოექცეს, როგორც ექცევა (იცინის).
- ვიცი, რომ შავგვრემანი გმირის გამო გახდი. როგორ ფიქრობ, მამაკაცებს ქერა უფრო მოსწონდი თუ ახლა?
- ვინც დიდი ხანია მიცნობს, ჩემი თმის ფერთან დაკავშირებით მათი აზრი იყოფა. ამ თემას დიდი დისკუსია მოჰყვება ხოლმე. ზოგი ამბობს, რომ ქერა ბევრად უფრო კარგად გამოვიყურებოდი, რომ მაშინ უფრო ლამაზი და ჰაეროვანი ვიყავი. მეორენი ამბობენ, რომ შავი თმა უფრო მიხდება.
- შენ რას ფიქრობ?
- 30 წელი ქერა ვიყავი. შავი თმა ორი წელია მაქვს. შავ თმას შევეგუე და მომწონს. იმდენად შევეგუე, რომ აღარც მახსოვს, ქერა როგორი ვიყავი. თავიდან ძალიან მიჭირდა შავ თმასთან შეგუება. სარკეში რომ ვიხედებოდი, უის ვამბობდი, ვერ აღვიქვამდი შავ თმას ჩემად. ახლა აღარ მაწუხებს. ადრე თუ გვიან, ქერა თმას აუცილებლად დავიბრუნებ.
- მახსოვს, სერიალში იგეგმებოდა, რომ თინა ქერა გამხდარიყო.
- ერთხელ იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ იმდენად რთული პროცესია შავი თმიდან ქერაზე გადასვლა, რომ ეს იდეა მაშინვე დავივიწყეთ.
- ძალიან დაკავებული ხარ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, პირადი ცხოვრებისთვის დრო მაინც გრჩება...
- პირადი ცხოვრებისთვის, რა თქმა უნდა, მრჩება დრო, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი შვილი, დედაჩემი და მეგობრები არიან.
- როგორც ჩანს, სერიალის გმირის მსგავსად, ჯერჯერობით პირად ცხოვრებაში არ გიმართლებს...
- ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. ჩემს ცხოვრებაშიც ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო და ასეც მოხდა.
- შეყვარებულს გასულ წელს დაშორდი. მასთან მეგობრობას აგრძელებ? ბევრი ახერხებს, რომ შეყვარებულთან იმეგობროს. შენც მათ შორის ხარ?
- რაც ტატოს დავშორდი, იმ დღის მერე თვალით არ მინახავს. ჩვენი მეგობრობა თითიდან გამოწოვილი ურთიერთობა იქნებოდა. ქუჩაში ან სადმე თუ შემხვდება, გამარჯობის და ნახვამდის თქმას წინ არაფერი უდგას. პირადად მე ყოფილ შეყვარებულთან არასდროს მიმეგობრია.
- ტატოს არ ჰქონია შერიგების მცდელობა?
- შერიგების მცდელობა იყო, სანამ ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდებოდა, მაგრამ მას მერე, რაც დავშორდით, ურთიერთობა აღარ გვქონია.
- თუ იცი, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში?
- რა საჭიროა, რომ ვიცოდე. ჩემამდე არ მოსულა მისი პირადი ცხოვრების ამბავი და მეც არ გამომიკითხავს, რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ ყველაფერი კარგად ექნება.
Rating
- ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. არ გქონია ახალი ურთიერთობის დაწყების მცდელობა?
- შეიძლება ამის დრო უკვე არის კიდეც, მაგრამ ჩემი შინაგანი მდგომარეობა ახალი ურთიერთობის დასაწყებად მზად არაა.
- როგორც ვიცი, ცხოვრებაში სამჯერ იყავი შეყვარებული. პირველი შენი ქმარი იყო, მეორედ მსახიობი შეგიყვარდა და მესამე იყო ტატო. საკუთარი თავი არასოდეს დაგიდანაშაულებია, რომ მამაკაცებთან შენი ურთიერთობა მთავრდება?
- რა თქმა უნდა, ურთიერთობებში ადამიანი ყოველთვის უშვებს შეცდომას, ალბათ მეც ასე მომდის, მაგრამ კონკრეტული შეცდომა, რომლის გამოც ურთიერთობას ვკარგავ, ჩემში არ აღმომიჩენია. მგონია, რომ პირიქით ხდება, მამაკაცები მკარგავენ მე. ორივე მხარე ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ ამაში დამნაშავე არავინაა. უბრალოდ, ურთიერთობა არ ეწყობა და ამის შემდეგ ვიღებ დაშორების გადაწყვეტილებას. ზოგადად ბევრის მოთმენა შემიძლია, მაგრამ რაღაც მომენტში ვეღარ ვითმენ.
- არის მამაკაცში თვისება, რაც ყველაზე მეტად გაღიზიანებს?
- კონკრეტულად ერთი მიზეზი არასდროს არაა. ბევრი მიზეზი გროვდება, რასაც მოსდევს დაშორება.
- როგორია შენთვის იდეალური მამაკაცი?
- უნდა მიგებდეს და თბილი უნდა იყოს. აუცილებლად უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, მეოჯახე უნდა იყოს და ყველაფერ ამასთან ერთად მომხიბვლელიც. შეიძლება არ იყოს ლამაზი, მაგრამ ფარული ხიბლი უნდა ჰქონდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის კიდევ რაღაცები, რასაც ახლა ვერ ვიხსენებ და ფაქტის წინაშე რომ დავდგები, მერე აუცილებლად ჩამოვაყალიბებ.
- თუ გქონია მომენტი, როდესაც გითქვამს, არ გავთხოვდები, ეს ის არაა, რაც მე ბედნიერებისთვის მჭირდებაო...
- მეუღლეს რომ დავშორდი, დიდხანს მქონდა გათხოვების შიში და მერე გადამიარა. ახლა ვფიქრობ, რომ ვისთანაც კარგ ურთიერთობას ავაწყობ, აუცილებლად შევქმნი ოჯახს. გათხოვება ჩემი იდეფიქსი არაა. არ ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა გავთხოვდე. თუ მოხდება ეს ჩემს ცხოვრებაში მეორედ, ძალიან კარგი იქნება, თუ არ მოხდება, ე.ი. ასე იყო საჭირო.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
კუკი
მე მაგალითად სერიალში გოგოებიდან ყველაზე ძალიან თინას პერსონაჟი მომწონს.ყველაზე სერიოზული და პროგრესულად მოაზროვნეა.დანარჩენი გოგოები სუფთა გრუზონლები არიან.თინა ერთი შეხედვით კონსერვატიულია,მაგრამ ამავდროულად თავისუფალია.
11:07 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
დზალიან მომკჰიბვლელი და დადებიტი ადამიანია
17:58 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დოდოშკა
ნანა გენაცვალე,თუ ''გაღიზიანებს'',კალთაზე ვინა გქაჩავს,გინდა თუ არა,უყურეო? :)
18:29 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მაღიზიანებს შენი პერსონსჟი სერიალში შენი შესაფერი არავინააა?
17:29 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატია
ძალიან კარგი გოგო ხარ.მომწონხარ ძალიან/ იმსახურებ ყოველივე საუკეთესოს!!!
16:09 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS