26 მარტი, 2016
"დედამ ხახვი თვალებთან წამისვა და ასე ვიტირე" - "ჩემი ცოლის დაქალების" ლიზიკო როლსა და ოცნებებზე
მაშინ მივხვდი, რომ ამ სერიალში თამაში ძალიან მინდოდა
სერიალი - "ჩემი ცოლის დაქალები" განახლდა. სიუჟეტის მიხედვით, ცოტნე ცოტაშვილი, რომელიც საქართველოდან გაქცეული იყო, შვილის გამო, კვლავ თბილისში დაბრუნდა. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას შემდეგი სერიებიდან შევიტყობთ, ჩვენ კი ცოტნე ცოტაშვილის ქალიშვილის როლის შემსრულებელი, 7 წლის ლიზი მარღანია უნდა გაგაცნოთ. ის პროდიუსერისა და ტელეწამყვანის, მაია სტეფნაძის ქალიშვილი გახლავთ.

- ლიზი, ამ სერიალში როგორ მოხვდი?
- დედას დაურეკეს და უთხრეს, რომ კასტინგი ტარდებოდა. მანამდე ცოტნეს (მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი. -
ავტ.) არ ვიცნობდი. კასტინგზე ვნახე და გავუცინე. მაშინ მივხვდი, რომ ამ სერიალში თამაში ძალიან მინდოდა. რთული დავალება არავის მოუცია და რაც დამავალეს, ყველაფერი ადვილად გავაკეთე. რეჟისორმა მითხრა, - კარგი გოგო ხარო. თან, ჩემი სახელიც მოეწონა. მითხრა: ლიზი ლამაზი სახელია და სერიალში სხვა სახელს არ დაგარქმევო.

- ცოტნესა და თიკას შვილობაც ადვილია? შენი დედიკო ხომ მაიაა და იქ სხვა დედა რომ გყავს, ამას როგორ ეგუები?
- ორივე ისეთი თბილია, ისე მეფერებიან, რომ თავიდანვე ძალიან მომეწონენ. ამიტომ, მათი შვილობაც ადვილია.

- ცოტნეს ისე ეფერები, ადამიანს ეგონება, რომ მართლა შენი მამიკოა.
- მართლა ძალიან მიყვარს და იმიტომ! თბილი ადამიანია, სულ მეფერება და მკოცნის.

- ყველაზე მეტად, რომელი ეპიზოდის თამაში გაგიჭირდა?
- რატომღაც, ყველაზე ადვილად ის სცენა ვითამაშე, როცა მომიტაცეს. საერთოდ არ გამჭირვებია და არც შემშინებია. ძნელი კი ის იყო, ცოტნემ რომ სახლიდან გამომაპარა და პიჟამათი კიბეზე ჩამოვდიოდი. ის კიბე ცივი იყო, მე კი ჩუსტისა და პიჟამას გარდა არაფერი მეცვა. ისე ციოდა, რომ ხელები გამეყინა და ვეღარ ვშლიდი. მაშინ იმ კიბიდან ცოტნე ჩავარდა, ვითომ ფეხი მოიტეხა, მე კი მართლა შემეშინდა და ცოტა ვიტირე კიდეც.

- ვიცი, რომ გადაღებები საკმაოდ დამღლელია. შენ არ იღლები?
- ხანდახან მეც ვიღლები (იღიმის).

- გადაღებების დროს რომ გეუბნებიან, იტირეო, ამას როგორ ახერხებ?
- ტირილი ადვილი არ არის. მოგიყვებით, როგორ ვტირი ხოლმე. თავიდან დედამ ხახვი წამოიღო, თვალებთან წამისვა და ასე ვიტირე, მაგრამ მერე ხახვი აღარ დამჭირვებია. საკუთარ თავს ვუჩქმეტ ხოლმე და მაშინვე მეტირება.

- შენ ალბათ, მსახიობობა გინდა.
- არა, მოდელობაზე ვოცნებობ. ადრე პოლიციელობა მინდოდა, რადგან მათი ფორმა მომწონს, მაგრამ გადავიფიქრე. ან იყოს: მოდელიც ვიქნები და პოლიციელიც. მსახიობობა არ მინდა, რადგან ვიცი, ხანდახან ცუდ კინოებში გადამიღებენ. მე კიდევ, ცუდი როლების შესრულება არ მინდა.

- ახლა სერიალში თამაშის გარდა, კიდევ რითი ხარ დაკავებული?
- თანამედროვე ცეკვებსა და სიმღერაზე დავდივარ. ადრე სხვაგან დავდიოდი. იქ ბევრი სიმღერა ვისწავლე და კლიპიც გადამიღეს, მაგრამ ნელ ცეკვებს გვასწავლიდნენ, მე კიდევ, სწრაფი ცეკვები მომწონს. ახლა რომელ სტუდიაშიც ვარ, იქ სწრაფ ცეკვებს გვასწავლიან. გიგა კუხიანიძე დედას მეგობარია და შესთავაზა, ლიზი ჩემთან ატარეო. დედამაც მიმიყვანა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS