07 სექტემბერი, 2013
ყველაზე ლამაზი პრინცესა დედობისთვის ემზადება
წყვილი დანიშნულია და უკვე ბავშვსაც ელოდება. როგორც გაირკვა, ისინი შემოდგომაზე მოკრძალებულ ცერემონიას გეგმავენ მხოლოდ ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის შარლოტა კაზირაგი მსოფლიო პრინცესებს შორის ყველაზე ლამაზად და სასურველ საპატარძლოდ მიიჩნეოდა, თუმცა უკვე ორი წელია, მისი გული აღარ არის თავისუფალი და საშობაოდ შვილსაც ელოდება.

შარლოტა პროფესიონალი ცხენოსანია

27 წლის შარლოტა მარი პომელინ კაზირაგი მონაკოს პრინცესა კაროლინასა და მისი ქმრის, ბიზნესმენ სტეფანო კაზირაგის ქალიშვილია, გრეის კელის შვილიშვილი, რომლის დამსახურებაც არის მისი მშვენიერი გარეგნობა. შარლოტას ორი ძმა ჰყავს
- პრინცები ანდრეა და პიერ კაზირაგები, ასევე ნახევარდა ალექსანდრა, რომელიც დედამისს მესამე ქორწინებიდან ეყოლა, ჰანოვერის პრინც ერნსტ ოგიუსტთან.

შარლოტა რიგით მეოთხეა მონაკოს ტახტის მემკვიდრეებს შორის. პირველი, რასაკვირველია, მისი ბიძა პრინცი ალბერია.
შარლოტა თავიდანვე გამოირჩეოდა სილამაზითა და ჭკუით. გოგონა ჟურნალისტია და ბიზნესითაც არის დაკავებული, ძალიან უყვარს სპორტი, ცხენზე ჯირითი და გათხოვებამდე დოღშიც მონაწილეობდა, პროფესიონალურ დონეზე.

მისი გარეგნული მონაცემების გამო ყოველთვის საზოგადოების მძაფრ დაინტერესებას იწვევდა, ხშირად ჰქონდა შეთავაზებები ცნობილი მოდური ჟურნალებისგან და ერთხელ კომპანია „გუჩის“ დათანხმდა კიდეც, მისი სარეკლამო სახე გამხდარიყო.

შარლოტა 2011 წელს შეხვდა მასზე 15 წლით უფროს მსახიობს, ფრანგ კომიკოს გად ელმალეჰს და მათი ურთიერთობებიც მაშინვე დაიწყო. წყვილი დანიშნულია და უკვე ბავშვსაც ელოდება. როგორც გაირკვა, ისინი შემოდგომაზე მოკრძალებულ ცერემონიას გეგმავენ მხოლოდ ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

სურთ მანამდე იქორწინონ, სანამ შვილი გაუჩნდებათ. ბავშვის დაბადებას კი საშობაოდ ელიან, თუმცა მისი სქესი ჯერ არ ხმაურდება. გადისთვის ეს მეორე შვილი იქნება - მას 12 წლის ვაჟი ნოი ჰყავს ფრანგი მსახიობ ანა ბროშესგან, რომელსაც წლების განმავლობაში ხვდებოდა.

შარლოტა გადს მას მერე გაუმიჯნურდა, რაც ბრიტანელი მილიონერის ვაჟს - ალექს დელალს დაშორდა.
სხვათა შორის, პრინცი ალბერის დისშვილის ქორწინება ერთადერთი სასიხარულო მოვლენა არ არის, რასაც მონაკოს კარზე ელიან. ცნობილი გახდა, რომ შარლოტას უფროსი ძმა, 29 წლის ანდრეა კაზირაგიც გეგმავს დაქორწინებას თავის 29 წლის შეყვარებულ ტატიანა სანტო დომინგოზე.

„ეს კერძო ცერემონია იქნება და ჟურნალისტები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან“ , - ასე გააფრთხილა პრესა წყვილის პრესმდივანმა. ანდრეა და ტატიანა უკვე შვიდი წელია ერთად არიან და ერთად ზრდიან ვაჟ საშას, რომელიც შარშან გაუჩნდათ.

რაც შეეხება პრინცესას საქმროს, გად ელმალეჰი ფრანკო-მაროკოელი მსახიობია. საფრანგეთში მოღვაწეობს, თუმცა კასაბლანკაშია დაბადებული 1971 წელს.

მისი ყველაზე ცნობილი ფილმია „შუაღამე პარიზში“ , რომელმაც შარშან „ოსკარი“ მიიღო, ასევე შეასრულა როლი სტივენ სპილბერგის ფილმში „ტანტინის თავგადასავლები: „მარტორქის“ საიდუმლო“ . 2006 წელს შედგა მისი ყველაზე წარმატებული ფილმის „საბედისწერო ლამაზმანის“ პრემიერა, რომელმაც გაქირავებაში 27 მლნ დოლარი მოუტანა შემქმნელებს და რომელშიც გადს პარტნიორობა ოდრი ტოტუმ გაუწია.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გვანცა
მათ ოჯახში ყველა ლამაზია მაგრამ ყველაზე მეტად მაინც დეიდამისი სტეფანია მიყვარს ის ნამდვილად სილამაზის ეტალონია გარდა ამისა ქველმოქმედი პიროვნებაა
22:14 / 28-01-2019
გამოხმაურება / 0 /
ანნა
ულამაზესები არიან სამივე! ეგეტი ლამაზი შვილები ყველა დედას ყავდეს, ნეტავ მეც მყავდეს :)
12:44 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS